Logo

წმ. მოციქულისა იაკობის კათოლიკე ეპისტოლე: თავი მესამე

1ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოვიღოთ.

2რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე. რომელი სიტყჳთ არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოვლისავე გუამისა.

3უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით დამორჩილებად ჩუენდა იგი, და ყოველი გუამი მისი მოვაქციით.

4აჰა ესერა, ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად მმართებელსა მას მათსა.

5ეგრეცა, ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის. აჰა ესერა, მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის!

6და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან.

7რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა.

8ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა,

9რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან.

10მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად.

11ნუუკუე წყაროჲსაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე?

12ეგების-მეა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღვმან ზეთის ხილი გამოიღო, გინა ვენაჴმან ლეღჳ? ეგრეთვე ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად.

13ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილად სლვისაგან საქმენი თჳსნი სიმშჳდითა სიბრძნისაჲთა.

14ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴმდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა.

15არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ.

16რამეთუ სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმჱ.

17ხოლო ზეგარდმოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაჲთა განუკითხველ და შეუორგულებელ.

18რამეთუ ნაყოფი სიმართლისაჲ დაეთესვის მშჳდობით მათთჳს, რომელნი ჰყოფენ მშჳდობასა.


წმ. მოციქულისა იაკობის კათოლიკე ეპისტოლე: თავი მესამე | მთ. მიქაელის ეკლესია